კიევური დედალი

November 4, 2008

1948 წლის ბერლინის საჰაერო ხიდის განმეორება საკმარისი არაა ბუშის ადმინისტრაციის უუნარობის შესანიღბად, თავიდან აეცილებინა მოკავშირე ქვეყანაში რუსეთის აგრესია. უმცროსი ბუშის მიერ პუტინის თვალებში დანახული სული და უფროსი ბუშის მიერ 1991 წელს კიევში დანახული “სუიციდალური ნაციონალიზმის” საფრთხე – ამ საგვარეულოს გენეტიკურ უნარზე მიუთითებს, დაინახონ ის, რაც ბუნებაში არ არსებობს და ვერ შეამჩნიონ ის, რაც რეალურზე უფრო რეალურია.

ბუში 41 და მისი “რეალისტი” მრჩევლები ბრენტ სკოუკროფტის მეთაურობით, ვერ ხედავდნენ ხალხთა საპყრობილის ნგრევისა და დამონებული ერების გათავისუფლების შესაძლებლობას, ბუში 43 და მისი სოვიეტოლოგი სახელმწიფო მდივანი – ბოროტების იმპერიის მემკვიდრეთა შეუპოვარ ნებას უკან შეებრუნებინათ ისტორია და აღმოეფხვრათ “20–ე საუკუნის უდიდესი გეოპოლიტიკური კატასტროფის” შედეგები. მამის “კიევური დედალის” სახელით ცნობილი სიტყვა შვილის დროს საქმედ იქცა.

“უხეშობისა და სიმკაცრის მიუხედავად, მე დავინახე მისი სახე და შემექმნა შთაბეჭდილება, რომ ესაა ადამიანი, ვისაც შეგიძლია ენდო, როცა ის სიტყვას გაძლევს”, – ეს სიტყვები პუტინის სულის მესაიდუმლეს არ ეკუთვნის. ისინი ბევრად ადრე ითქვა.

ბუშის შედარება ნევილ ჩემბერლენთან უსამართლოა, მაგრამ ერთგვარი ასოციაციები ძალაუნებურად მაინც ჩნდება. თუნდაც იმიტომ, რომ სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში შეჭრის პუტინის სცენარი სუდეტში ჰიტლერის მოქმედებათა ზუსტი ანალოგიაა. თუნდაც იმიტომ, რომ როცა საქმე “შორეულ ქვეყანას” ეხება და “ხალხს, რომლის შესახებაც არაფერი ვიცით”, დიდია ცდუნება, ირწმუნო “ჩვენ დროში მშვიდობის” შესაძლებლობის.

ჩემბერლენს ეგონა რომ ჰიტლერი “განზრახ არ მოატყუებდა მას, ვისაც პატივს სცემდა და ვისთანაც მოლაპარაკებებს აწარმოებდა”. ბრიტანეთის პრემიერი მწარედ ცდებოდა როგორც ფიურერის გეოპოლიტიკური ამბიციების, ისე მისი პიროვნების შეფასებების შესახებ – “ჩვენი მტრები პატარა მატლები არიან, მე ისინი მიუნხენში ვნახე”. როგორც ჩერჩილმა თქვა, ჩემბერლენს ჰქონდა “არჩევანი ომსა და უღირსობას შორის. მან აირჩია უღირსობა და მიიღო ომი”. როცა ჰიტლერი სუდეტით არ დაკმაყოფილდა და მთელი ჩეხოსლოვაკია დაიპყრო, ჩემბერლენს ისღა დარჩენოდა, ეთქვა: “მხოლოდ რუქაზე შეხედვაა საჭირო იმისათვის, რომ დაინახო საფრანგეთს ან ჩვენ არაფერი შეგვეძლო გაგვეკეთებინა ჩეხოსლოვაკიის გადასარჩენად.”


მოულოდნელი პარალელები

November 4, 2008

თეთრი სახლის ამჟამინდელი ბინადარის სახელგატეხილ ბრენდზე პოლიტიკური კაპიტალიზაცია ობამას საარჩევნო სტრატეგიის ცენტრალური ელემენტია. დემოკრატების კანდიდატი მაკეინის პრეზიდენტობაში ბუშის მესამე ვადის კონტურებს ხედავს. თავისმხრივ მაკეინი ობამას გამარჯვებას კარტერის მეორედ მოსვლად აცხადებს.

ბევრი ამომრჩევლისათვის ახლა მნიშვნელობა არა აქვს, რამდენად მოსაწონია სტატუს ქვოს დემოკრატიული ალტერნატივა, მათთვის მთავარია, რომ პრეზიდენტ ბუშის პოლიტიკის და მისი პარტიის კანდიდატების წინააღმდეგ მისცენ ხმა. მაგრამ 2 საპრეზიდენტო კანდიდატიდან ვინაა დაბლ–იუს ჭეშმარიტი მემკვიდრე? ამ, ერთი შეხედვით, რიტორიკულ კითხვაზე პასუხი არც თუ ერთმნიშვნელოვანია.

უკვე დიდი ხანია მიმდინარეობს კამათი იმაზე, თუ რამდენად მართებულია არიზონის სენატორი დღევანდელი პრეზიდენტის უბრალო კლონად ჩავთვალოთ. მხედველობაში უნდა იყოს მიღებული ბუშსა და მაკეინს შორის საკმაოდ რთულ პიროვნულ ურთიერთობათა ისტორია, განსხვავებულ ბიოგრაფიები და ადამიანურ თვისებები, აგრეთვე მთელი რიგი ფილოსოფიური თუ პოლიტიკური უთანხმოებები. გაცილებით ნაკლები ყურადღება ეთმობა ბარაკ ობამასა და ჯორჯ ბუშს შორის მსგავსებათა ანალიზს. პარალელები მართლაც რომ გასაოცარია.

მედია ხშირად მიუთითებს ხოლმე ბუშის უუნარობაზე, აღიაროს საკუთარი შეცდომები და გათავისუფლდეს იდეოლოგიური ილუზიების ტყვეობიდან. არადა, სწორედ ამ ტერმინებში აღწერენ კონსერვატორები ობამას უარს, აღიაროს ერაყის “ზვირთის” წარმატება. მრჩეველთა კაბალის მიერ მანიპულირებული პოლიტიკურად გამოუცდელი ბუში მემარცხენეთა ანგლობების მუდმივი პერსონაჟია. ანალოგიურად, ობამას უმწიფრებისა და მისი 300 კონსულტანტის შესახებ ირონიზება რესპუბლიკელთა წრეში თავის შექცევის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული საშუალებაა.

ცალკე აღნიშვნის ღირსია ბუშის “თანამგრძნობი კონსერვატიზმისა” და ოაბამას მემარცხენე ეკონომიკური იდეოლოგიის კიდევ ერთი თანხვედრა – საბიუჯეტო ხელგაშლილობით სოციალური პრობლემების მოგვარების შესაძლებლობის რწმენა. დემოკრატების კანდიდატის ოპონენტები შიშობენ, რომ არჩევის შემთხვევაში ის საჯარო სახსრების უკონტროლო ფლანგვის თვასაზრისით ამჟამინდელი პრეზიდენტის ღირსეული მემკვიდრე იქნება.

ამ პარალელების გაგრძელება კიდევ დიდ ხანს შეიძლება, მაგრამ ბუში არაა ერთადერთი რესპუბლიკელი პრეზიდენტი, ვისთანაც ილინოისის სენატორის მიმსგავსება ხდება. 


ნიქსონის აჩრდილი

November 4, 2008

არც ერთ რესპუბლიკელთან ბრძოლაში დემოკრატებს იმდენი ენერგია არ დაუხარჯავთ, რამდენიც რიჩარდ მილჰაუს ნიქსონის შემთხვევაში. მისი კარიკატურიზებული სახე მემარცხენე იკონოგრაფიაში ყოველივე მიუღებლისა და უმსგავსოს სიმბოლოდ იქცა. 1960 წლის არჩევნებზე ჯონ ფიცჯერალდ კენედის მიერ მისი დამარცხება პროგრესულ მითოლოგიაში განახლებისა და განწმენდის სიმბოლოდაა მიჩნეული.

კენედი დღემდე დემოკრატების უდიდესი კერპია და ხშირად ილინოისის სენატორის პარაგონადაც მოიხსენიება. მისი ძმის, სენატორ ედვარდ კენედის მიერ ობამასათვის მემარცხენე იდიალიზმის ჩირაღდნის გადაცემა დემოკრატების ყრილობის ერთ-ერთი ყველაზე ამაღელვებელი მომენტი იყო.

თუმცა ამ მორალური სიმაღლის შენარჩუნება ილინოისის სენატორმა ბოლომდე მაინც ვერ შეძლო. საარჩევნო კამპანიის საჯარო დაფინანსებაზე ოპორტუნისტული მოსაზრებებით უარის თქმა მის მიერ ადრე გაცხადებული პოზიციის გადასინჯვის კიდევ ერთ მაგალითს წარმოადგენს.

საარჩევნო კამპანიის დაფინანსების არსებული სისტემის ფესვებს ნიქსონის ერაში მივყავართ. უოთერგეიტის სკანდალის ფონზე მიღებულ იქნა კანონმდებლობა, რომელსაც პოლიტიკური პროცესი დიდი ფულის კორუფციული გავლენისაგან უნდა დაეცვა. კერძო შემოწირულობების შეზღუდვისა და საჯარო დაფინანსების ადვოკატები უმეტესწილად ყოველთვის დემოკრატები იყვნენ.

ჯონ მაკეინი, პარტიული კოლეგების უმრავლესობისაგან განსხვავებით, კამპანიების დაფინანსების რეფორმის აქტიური მომხრე და ამ სფეროს ძირითადი მარეგულირებელი ახალი კანონის მთავარი თანაავტორია. ობამასგან განსხვავებით იგი საკუთარი სიტყვის ერთგული დარჩა და საჯარო დაფინანსების სისტემით დაწესებულ ლიმიტებს დასჯერდა. რაც შეეხება დემოკრატების კანდიდატს, მან 640 მილიონიანი საარჩევნო ბიუჯეტით არა მარტო ყველა რეკორდი მოხსნა, არამედ საჯარო დაფინანსების არსებულ სისტემას ბოლო მოუღო – ნაკლებად სავარაუდოა რომ შემდეგ არჩევნებზე რომელიმე კანდიდატი ასეთ აშკარა უთანასწორობას დათანხმდეს და საკუთარი გამარჯვება საფრთხის ქვეშ დააყენოს.

კრიტიკოსები მიიჩნევენ, რომ კენედის აჩრდილი ობამასათვის ეფექტური მარკეტინგული ბრენდია, პრაქტიკულ პოლიტიკაში კი, სუფთა პოლიტიკის ამაღლებული იდეალების შესახებ მგზნებარე სიტყვების პარალელურად, ილინოისის სენატორი წარმატებით იყენებს ნიქსონისეულ მეთოდებს. ობამას საარჩევნო მანქანა ოპონენტებში ნიქსონისეული სანტექნიკოსების ასოციაციებს იწვევს, მისი მეგალომანია კი, ილინოისის სენატორის გამარჯვების შემთხვევაში, ახალი იმპერიული პრეზიდენტობის მოლოდინებს აჩენს.

ერთი შეხედვით, ეს ვარაუდი სრულიად დაუჯერებლად ჟღერს. ამ წელს ხომ საბოლოოდ უნდა დაესრულებინა ნიქსონის ერა. წლევანდელი წლის მთავარი პოლიტიკური პერსონაჟების კეთილშობილება ამის გარანტია უნდა გამხდარიყო. როგორც ჩანს, კიდევ ერთხელ სასურველი რეალურად იქნა მიჩნეული. ვარდისფერი სათვალით დანახული სამყარო კარგი დაკვირვების შედეგად არც ისეთი ფერადოვანი აღმოჩნდა. ამერიკული პოლიტიკა კვლავაც ნიქსონლენდშია მომწყვდეული. 


პოპულიზმი პოპულიზმისა წილ

November 4, 2008

ნიქსონამდე პოპულიზმის პოლიტიკურ ხელოვნებაში მემარცხენეები უფრო მეტად იყვნენ გაწაფულები. ფრანკლინ რუზველტი რესპუბლიკელებს “ეკონომიკურ როიალისტებს” უწოდებდა. მისი მეოხებით დემოკრატები ამერიკის პოლიტიკაში თითქმის 3 ათეული წელი დომინირებდნენ.

დემოკრატებისა და რესპუბლიკელების პოპულიზმი არსებითად განსხვავდება ერთმანეთისგან. მაშინ, როცა დემოკრატიული პარტია ეკონომიკური პოპულიზმით გამოირჩევა, რესპუბლიკელებისათვის უფრო მეტად კულტურული პოპულიზმია დამახასიათებელი. თუკი მემარცხენეთა საყვარელი თემები მდიდრებსა და ღარიბებს შორის მზარდი უფსკრული, სოციალური თანასწორობა და კორპორატიული სიხარბეა, მემარჯვენეები ყურადღებას თავაშვებულობასა და განუკითხაობაზე, სახელოვნებო და აკადემიური ელიტის ზნეობრივ კრიზისზე ამახვილებენ.

რუზველტის დროს სოციალური სამართლიანობის თემებით გატაცების მიუხედავად, დემოკრატიული პოპულიზმის მთავარი ნაირსახეობა ნიქსონის ერამდე არა მხოლოდ ეკონომიკური, არამედ კულტურული ხასიათისა იყო. ყველაზე ცნობილი დემოკრატი პოპულისტი არა რუზველტი, არამედ მაინც ამერიკის 41–ე სახელმწიფო მდივანი და 3–გზის უიღბლო საპრეზიდენტო კანდიდატი უილიამ ჯენინგს ბრაიანი იყო. იგი ერთნაირად ზრუნავდა რიგითი ამერიკელის ეკონომიკურ ინტერესებსა და ზნეობრივ სიწმინდეზე, გააფთრებით ებრძოდა როგორც აღმოსავლეთ სანაპიროს ელიტებს, ისე ევოლუციურ თეორიას.

“ოქროს ჯვარზე” გაკრული, მშრომელებისათვის მებრძოლი, “დასავლეთის ვერცხლის რაინდი” იმავდროულად “მშრალი კანონის” აქტიური ადვოკატიც იყო. მისი მთელი ცხოვრება ერთ დიდ ჯვაროსნულ ლაშქრობას წარმოადგენდა, რომლის ფინალური აქტი სახელგანთქმულ “მაიმუნის პროცესში” მონაწილეობა იყო – პროცესის დასრულებიდან 5 დღეში “პროტესტანტი პაპი” გარდაიცვალა. 


მდუმარე უმრავლესობა

November 4, 2008

ნიქსონმა პოპულიზმის განახლებულ მეცნიერებას რესპუბლიკური პარტია აზიარა და მოწინააღმდეგეს ერთ ერთი ყველაზე მასშტაბური მარცხი აწვნია. მისმა სამხრეთურმა სტრატეგიამ ამერიკის პოლიტიკური ლანდშაფტში ტექტონური ცვლილებები გამოიწვია.

ღირებულებების ირგვლივ ამომრჩევლის გახლეჩვით გამოთავისუფლებული ენერგია ნიქსონის გენიის მიერ აღმოჩენილი პოლიტიკური ბრძოლის ახალი მძლავრი იარაღი გახდა. კულტურა “პოზიტიური პოლარიზაციის” მეშვეობით მან მასების მობილიზაციის სწორუპოვარ საშუალება გახადა.

მოშლილი ტრადიციებით, შერყეული ზნეობით, მზარდი დამნაშავეობით, პოლიტიკური რადიკალიზმით გამოწვეული საშუალო კლასის უკმაყოფილება და რაც მთავარია, შიში ნიქსონისეული “ძალის ბნელი მხარე” იყო.

ნიქსონისგან პოლიტიკური ნათლობის მიღების შედეგად, თვით–კმაყოფილი ელიტებისა და მეინსტრიმული მედიის მიერ რასიზმისა და სექსიზმის იარლიყ–მიწეპებული და იგნორირებული “მდუმარე უმრავლესობა” მძლავრ ელექტორალურ ძალად იქცა. 70–იანების ბოლოს ის “მორალური უმრავლესობის” სახით გამოვიდა საზოგადოებრივ ასპარეზზე, ხოლო ათასწლეულთა მიჯნაზე “ღირებულებათა ამომრჩევლად” ტრანსფორმირდა.

ამ ბლოკმა გადამწყვეტი როლი ითამაშა რესპუბლიკელთა არა ერთ პოლიტიკურ გამარჯვებებში – 2004 წელს საპრეზიდენტო კანდიდატისადმი მხარდაჭერის განმაპირობებლი ფაქტორი ამომრჩეველთა 22%–სათვის მორალური ფასეულობები იყო, ეკონომიკა და დასაქმება – 20%, ტერორიზმი – 19%, ერაყი –15%, ჯანდაცვა – 8%, გადასახადები – 5%, განათლება – 4%.

მაგრამ დროსთან ერთად საშუალო კლასის დემოგრაფიული კონფიგურაცია ნელ–ნელა იცვლება. ფერმერებისა და ლურჯსაყელოიანი მშრომელების ხვედრითი წილის შემცირების პარალელურად სულ უფრო იზრდება თეთრსაყელოიანი ცოდნის მუშაკების რიცხვი. თავად ლურჯსაყელოიანთა შორის კი გენდერული ბალანსის წანაცვლება სულ უფრო მეტად სუსტი სქესის სასარგებლოდ ხდება.

60–იან წლებში დაწყებული საგანმანათლებლო რევოლუციის შედეგად უნივერსიტეტების ხელმისაწვდომობა მკვეთრად გაიზარდა. ყოფილი ჰიპები და მეამბოხეები პროფესორებად იქცნენ. 


კომუნისტი პატარა ასოთი

November 4, 2008

სხვათა შორის, ამ ტალღაზე მოსული ერთ–ერთი “განმანათლებელია” მამლის ყივილამდე ობამას მიერ სამგზის უარყოფილი ბილ აიერსი. მემარცხენეები მას “გამოჩენილ სასკოლო რეფორმატორს” უწოდებენ ხოლმე. ფორმალური რეგალიების მიხედვით, ეს მართლაც ასეა – ეს ადამიანი ამჟამად ილინოისის უნივერსიტეტის პროფესორი და კურიკულუმის საკითხებში ამერიკის საგანმანათლებლო კვლევების ასოციაციის ვიცე–პრეზიდენტია.

კონსერვატორები კი ამბობენ, რომ აიერსის “სასკოლო რეფორმატორად” მოხსენიება იმავე ტრადიციის გაგრძელებაა, როცა გასული საუკუნის 30–იან წლებში “ნიუ–იორკ თაიმსი” სტალინის “აგრალური რეფორმების” შესახებ წერდა და “ბედნიერი და მწარმოებელი” კოლმეურნეობების შესახებ საუბრობდა.

“ამერიკის წითელ არმიად” წოდებული ტერორისტული ორგანიზაცია “იატაკქვეშა ამინდის” ერთ–ერთი ლიდერი და ბომბარდირი, საკუთარ თავს ახლაც “პატარა ასოთი კომუნისტს” უწოდებს. თავს უგო ჩავესის თანამოაზრედ მიიჩნევს, რომლის ხელმძღვანელობითაც “ვენესუელას წილად ხვდა მსოფლიოსავთის განათლების ახალი, მაჰუმანიზებელი და რევოლუციური მოდელის შეთავაზება, რომელსაც ტყუპი მისია აქვს – განმანათლებლური და განმათავისუფლებელი”.

ყველა სხვა სიკეთესთან ერთად, აიერსი შვილებს “რევოლუციის სახლში მიტანისა და მშობლების დახოცვისაკენ” მოუწოდებდა, “პროგრესული” იდეალებისათვის 25 მილიონი “გამოუსწორებელი კაპიტალისტის” განადგურების გეგმებს აწყობდა. იგი დღემდე არ ნანობს თავის ტერორისტულ საქმიანობას, ერთად–ერთი რაზეც გული წყდება ისაა, რომ საკმარისი რაოდენობის ბომბი ვერ ისროლა. 


შური და შიში

November 4, 2008

60–იანი წლებიდან იწყება პოლიტიკური ბრძოლის ახალი წყალგამყოფის ჯიბიდან ცნობიერებაში გადანაცვლების ტენდენცია. სწვალული ინტელიგენტები არც თუ იშვიათად ზოგიერთ მუშაზე ნაკლებს იღებენ. მათ პოზიციებს, პრეფერენციებს, სიმპათია და ანტიპათიებს არა შემოსავლის, არამედ განათლების დონე განსაზღვრავს.

იყო დრო, როცა პოლიტიკური ბატალიების განმსაზღვრელი მეტწილად ეკონომიკური ინტერესები იყო. კლასობრივი ბრძოლის ენერგეტიკა შურზე იყო დაფუძნებული. კულტურათა ომში თუკი კონსერვატიული პროვინციის არაცნობიერის ძირითადი მასაზრდოვებელი წყარო შიშია, მემარცხენე ინტელიგენციის ენერგია ზიზღით იკვებება. კლასობრივი შუღლი სნობურმა შოვინიზმმა ჩაანაცვლა.

20–ე საუკუნის შუა დეკადაში, როცა პოლიტიკური წყალგამყოფი ეკონომიკური კლასისადმი კუთვნილება იყო, დემოკრატების საპრეზიდენტო კანდიდატებს ედლაი სტივესნოსნს, ჯონ კენედის, ლინდონ ჯონსონსა და ჯიმი კარტერს სულ მცირე 13%–იანი უპირატესობა ჰქონდათ კოლეჯის განათლების არმქონე თეთრ მამაკაც ამომრჩეველთა შორის, ვიდრე კოლეჯის ან უფრო მაღალი განათლების მქონე თეთრ მამაკაც ამომრჩეველთა შორის.

60–იანი წლებიდან მოყოლებული, როცა დებატების მთავარი თემა კულტურა, ეროვნული უსაფრთხოება და საგარეო პოლიტიკა იყო, მდიდარმა და ღარიბმა თეთრმა ამომრჩევლებმა ადგილები გაცვალეს. რესპუბლიკელებმა ლურჯსაყელოიან თეთრ ამომრჩეველთა შორის პოზიციები გაიუმჯობესეს, ხოლო დემოკრატებმა – თეთრსაყელოიან თეთრ ამომრჩეველთა შორის.

ინტელიგენციის თვითმიზნურად ოპოზიციური ეთოსის წყალობით კონტრკულტურა ახალი კულტურის საფუძველი გახდა, ტრადიციების უარყოფა ახალ ტრადიციად დამკვიდრდა, სოციალური კონვენციებისაგან გათავისუფლება ახალ სოციალურ კონვენციად ჩამოყალიბდა. სწორედ ასეთ ადამიანებზე ამბობდა უინსტონ ჩერჩილი, რომ “ყველაზე მძიმე სირთულე, რომელსაც ჩვენ განვიცდით, გარედან არ მოდის. მისი წყარო შიგნითაა… ისინი მომდინარეობენ გარკვეული ტიპის ტვინიკოსი ადამიანებისაგან, … რომლებსაც თუკი რამ წვლილი შეაქვთ ჩვენს კულტურაში, სანაცვლოდ მისი ძალა მიაქვთ. ჩვენი სიძნელეები მიუტევებელი თვითგანქიქების განწყობიდან მომდინარეობს, რომელშიაც ჩვენი საკუთარი ინტელექტუალების დიდი ნაწილია ჩაფლული.”


მეუფე მილჰაუს

November 4, 2008

თუკი ნიქსონი “ძალის ბნელ მხარეს” ევროპეიზებული ელიტის წინააღმდეგ ბრძოლაში იყენებდა, ბარაკ ობამამ სეკულარული ინტელიგენცია ღვთისმოშიში და იარაღისმოყვარული პროვინციის წინააღმდეგ მიმართა. თუკი ნიქსონი ზურგის ტვინით გრძნობდა ლურჯსაყელოიანი მშრომელების განწყობილებებს, ილინოისის სენატორი თეთრსაყელოიანი ცოდნის მუშაკების ენაზე ლაპარაკობს, მათ ფასეულობებთან რეზონირებს, მათი ინსტიქტების სიხშირეზე მაუწყებლობს. თუკი აქამდე კულტურის ფრონტზე რესპუბლიკელების შეტევას დემოკრატები პასუხს ეკონომიკურ ფრონტზე აძლევდნენ, ილინოისის სენატორმა ეს ტრადიცია დაარღვია და კულტურათა ომს მძლავრი კონტრკულტურული კონტრშეტევით უპასუხა.

განა არ არის ეს სითჰის ბნელი მეუფის შურისძიება? ჯედაის ორდენის იმედისმომცემი რაინდი ვერ უძლებს ცდუნებას და ძალაში წონასწორობის აღდგენის ნაცვლად მის ბნელ მხარეს ეუფლება. ამ გარდასახვის აღსანიშნავად ამიერიდან მას შეუძლია ამაყად ატაროს ფარული მოძღვრის შუათანა სახელი, საკუთარის გამოყენებას ის ხომ მაინც ისედაც თაკილობს.

მზეგრძელი იყოს სვედიდებული ბარაკ მილჰაუს ობამა! არა შეიცვალოს იმედი მისი.


ელექორალური პრეფერენციები

November 4, 2008

ოპონენტები თვლიან, რომ ბოლო პერიოდის არჩევნების შედეგები დემოკრატებს რესტავრაციის მანდატს არ აძლევს – 2006 წლიდან მოყოლებული კონგრესში დემოკრატთა წარმომადგენლობა არა იდეოლოგიური ზილოტების, არამედ ეკონომიკური ცენტრისტი, კულტურული კონსერვატორი და პოლიტიკურად პრაგმატული კანონმდებლების ხარჯზე გაიზარდა.

ამასთან, ობამა ელექტორალური მხარდაჭერა იმავე დონეზეა, რაც მის წინამორბედ დემოკრატების საპრეზიდენტო კანდიდატებს ჰქონდათ. სოციოლოგიურ კვლევებში ილინოისის სენატორის ლიდერობა რესპუბლიკელთა მხარდაჭერის კოლაფსითაა განპირობებული – წელს ის 9%–ით ნაკლებია, ვიდრე 4 წლის წინათ.

კონსერვატორები შიშობენ, რომ ობამა ოსტატურად იყენებს კრიზისს, რათა ამერიკელებს შეასაღოს ბევრი ისეთი მიუღებელი იდეა თუ პოლიტიკა, რომელსაც ამომრჩეველთა უმრავლესობა ერთმნიშვნელოვნად უარყოფდა, მისი ფიქრი და განსჯა ეკონომიკური სირთულეების გამო ყოველდღიური პრობლემებით რომ არ იყოს დაკავებული.

რესპუბლიკელთა ამჟამინდელი საარჩევნო სირთულეების მიუხედავად, ამერიკაში იდელოგიური ლანდშაფტი არ შეცვლილა. შეერთებული შტატები მეტწილად ზომიერად კონსერვატიულ ქვეყნად რჩება. გამოკითხვების მიხედვით, ამერიკელთა ორ–ორი მეხუთედი ზომიერი და კონსერვატორია, მემარცხენე კი – მხოლოდ ერთი მეხუთედი. ის, რასაც მემარცხენეები “სამართლიანობას” ეძახიან, ამომრჩეველთა დიდ ნაწილს უპასუხისმგებლობა, თავაშვებულობა, უჩვეულო და ზოგჯერ არაამერიკულიც კი ჰგონია.

ამერიკელთა თითქმის 2/3–ს ურჩევნია ნაკლები გადასახადი და ნაკლები სამთავრობო სერვისი; მხოლოდ მეხუთედს ჯერა მთავრობის მიერ სიმდიდრისა და შემოსავლების გადანაწილების; მხოლოდ მეოთხედი ემხრობა მთავრობის მიერ კონტროლს სტრატეგიული დარგებზე, როგორიცაა მაგალითად ჯანდაცვა და ენერგეტიკა.

63%–ს უნდა, რომ პრეზიდენტი ქრისტიანული პრინციპების დამცველი იყოს, 70% მხარს არ უჭერს ჰომოსექსუალურ ქორწინებას. მართალია, 50% აბორტის უფლების მომხრეა და 44% წინააღმდეგი, მაგრამ 84% მხარს უჭერს აბორტების მკვეთრ შეზღუდვას, ხოლო თავად აბორტის დაკანონების მომხრეთა 28% თვლის, რომ იგი მხოლოდ გაუპატიურების, ინცესტის შემთხვევაში უნდა იყოს შესაძლებელი ან თუ ეს დედის სიცოცხლის გადასარჩენადაა აუცილებელი, 43%–ს მიაჩნია, რომ აბორტი მხოლოდ ფეხმძიმობის პირველი 3 თვის მანძილზე უნდა იყოს დასაშვები.

შავი და ლათინოსი, ხოლო თეთრებს შორის – განათლებული, ქალი, მდიდარი, ახალგაზრდა, მარტოხელა, სეკულარული დემოკრატების ამომრჩეველია. რესპუბლიკელთა მხარდაჭერა საპირისპირო კატეგორიებში ჭარბობს. ყველა ასაკობრივი ჯგუფიდან ყველაზე მეტ სირთულეებს დემოკრატები საშუალო ასაკის თეთრ ამომრჩეველთა შორის აწყდებიან. რაც უფრო რელიგიურია ამომრჩეველი, მით უფრო მეტი ალბათობით ის რესპუბლიკელთა მხარდამჭერია, მაგრამ დემოკრატებს კათოლიკეთა შორის მეტი ხმების მიღების შანსი აქვთ, ვიდრე პროტესტანებისაგან. ლათინოსების საარჩევნო პრეფერენციები 2 თაობის წინ არაკათინოსი თეთრების მსგავსია. ლათინოსებს შორის საუკეთესო შედეგი ქონდა ბუშს – მან ხმების 40 % მიიღო.

დემოკრატებისათვის შედარებით რთულია თეთრი მამაკაცების ხმების მოპოვება. ბოლო 5 საპრეზიდენტო არჩევნებში, მიუხედავად განსხვავებული კანდიდატებისა, დემოკრატთა მიერ მიღებული თეთრი მამაკაცი ამომრჩევლის ხმების ოდენობა არსებითად არ შეცვლილა და 36–38% ფარგლებში მერყეობდა.

1988 წლიდან მოყოლებული თეთრი ქალი ამომრჩეველი სულ უფრო გახსნილია დემოკრატების მიმართ და იმავდროულად სულ უფრო მყიფეა მათი პრეფერენციები. მხოლოდ 1996 წელს კლინტონმა შეძლო თეთრი ქალი ამომრჩევლის ხმათა ფარდობითი უმეტესობის მოპოვება. დემოკრატთა ხვედრითი წილი ამ კატეგორიის ამომრჩეველში ბოლო 20 წლის განმავლობაში 40–48% მერყეობდა.

ქორწინება და განათლება თეთრი ამომრჩევლის ყველა კატეგორიაში პოლიტიკურ წყალგამყოფს წარმოადგენს. 5–ვე არჩევნებში, ამომრჩევლის თითოეულ კატეგორიაში, რაც უფრო მაღალი იყო ამ ამომრჩევლის განათლების დონე, მით უფრო მეტი იყო დემოკრატების მიერ მიღებული ხმების ხვედრითი წილი. ბოლო 5 დემოკრატი კანდიდატის მიერ კოლეჯის განათლების არმქონე თეთრი მამაკაცი ამომრჩევლის ხმების საშუალო ოდენობა 36.6% იყო, ხოლო განათლების მქონე თეთრი მამაკაცი ამომრჩევლის ხმების საშუალო ოდენობა – 36%. არც ერთ დემოკრატ კანდიდატს რომელიმე ამ კატეგორიაში ხმების 40% არ მიუღია.

დაქორწინებულ თეთრ მამაკაცთა უმრავლესობა რესპუბლიკელებს აძლევს ხმას. ამ კატეგორიის ამომრჩევლთა შორის საუკეთესო შედეგი 1996 წელს ბილ კლინტონს ქონდა და ეს ამ კატეგორიის ამომრჩევლის ხმების მხოლოდ 36%–ს შეადგენდა. შედარებით უკეთესი პოზიციები აქვთ დემოკრატებს მარტოხელა თეთრ მამაკაც ამომრჩევლთა შორის. საუკეთესო შედეგი აქ 2004 წელს ჯონ კერის ქონდა – 46%. დაქორწინებულ თეთრ ქალთა უმრავლესობა რესპუბლიკელებს აძლევს ხმას, ხოლო გაუთხოვარ თეთრ ქალთა უმრავლესობა 2–ნიშნა რიცხვიან უპირატესობას დემოკრატებს ანიჭებს.


ტერტულიანეს მემკვიდრეები

November 4, 2008

მემარცხენეთა შორის გავრცელებული სტერეოტიპის მიხედვით, ადამიანის ჭეშმარიტ ინტერესს ეკონომიკური ბაზისი განსაზღვრავს, ხოლო ისინი, ვინც კულტურული ზედნაშენიდან გამომდინარე აკეთებენ არჩევანს, ყალბი ცნობიერების ანუ კლასობრივად უცხო იდეოლოგიის ტყვეობაში იმყოფებიან. მათ გულწრფელად არ ესმით, როგორ შეიძლება გონიერმა ამომრჩეველმა კულტურული იდენტობა კლასობრივ ინტერესზე მაღლა დააყენოს.

ამასთან, დემოკრატები დარწმუნებულები არიან, რომ ღარიბი და საშუალო კლასის ამომრჩევლის ეკონომიკურ ინტერესს მხოლოდ და მხოლოდ მემარცხენე პოლიტიკა – ბევრი რეგულირება, მაღალი გადასახადები, დიდი სახელმწიფო ხარჯები, ძლიერი პროფკავშირები და დახურული ბაზარი პასუხობს. მართალია, სოციალიზმის ისტორია ასეთი დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას არ იძლევა, მაგრამ განა რა მოხდა?

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა სწამთ, იმიტომ რომ აბსურდია. შემწყნარებლობის კანონები მოითხოვს რომ ნებისმიერ რწმენას თანაბარი პატივისცემით მოვეპყრად. პრობლემა ისაა, რომ თავად ეს რწმენა არის სხვათა მიმართ შეუწყნარებელი.

პროგრესული იდეების გამარჯვების ობიექტურ კანონზომიერებაში დარწმუნებული ძალიან ბევრი მემარცხენე თავს არ იწუხებს იმით, რომ განსხვავებულ აზრთან სერიოზულ პოლემიკაში შევიდეს ან თავისი მსოფლმხედველობის სისწორის გასარკვევად ემპირიული ფაქტების საფუძველზე გადაამოწმოს. ის რაც პროგრესული არაა, ის ხომ იმთავითვე ჩამორჩენილია, სხვაგვარად უბრალოდ შეუძლებელია რომ იყოს. მის მიერვე შექმნილი განუვითარებელი ოპონენტის კარიკატურასთან კამათი პროგრესული ლიტურგიის ყველაზე სახალისო ელემენტია. 


Follow

Get every new post delivered to your Inbox.